პატრიარქისათვის საიუბილეო დღის აღსანიშნავი მომინანქრებული დედამიწა ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლიკით

მასალა: ვერცხლი, ოქრო, კაკლის ხე, დიაბაზი, ფოლადი, მინანქარი, ძოწი, ბრილიანტი, ბრინჯაო.

აღნიშნული ნივთი ახალი სიტყვაა ქართულ საიუველირო ხელოვნებაში. ნამუშევარი მოთავსებულია დიაბაზის მასიურ მართკუთხედის ფორმის ქვაზე, რომელიც მოჩარჩოებულია ვერცხლით და დგას ჩამოსხმულ ვერცხლის ოთხ ორნამენტულ ფეხზე. ქვის ზემოთა ნაწილი კაკლის ხისაა, დაფარული ვერცხლის მოჭედილი ფირფიტებით. წინა მხარეზე საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II სახელობითი ხელრთვაა "ილია II", რომელიც შემკულია 54 ბრილიანტის თვლით, ხოლო ფონი დაფარულია მუქი ლურჯი მინანქრით. ზურგის მხარეს ყუთში მოთავსებულია მუსიკალური მექანიზმის დასაქოქი მუხის ხის ფონზე, ხოლო ქვემოთა ნაწილზე მოოქრული ფირფიტით აღნიშნულია მისალოცი ტექსტი. ყუთიდან ვერტიკალურად ამოსულ ღერძზე დგას დედამიწის ფორმის ოვალური მომინანქრებული გამოსახულება, რომელიც შუაზე იხსნება ეკვატორზე მიმაგრებული მარგალიტის საკეტით. დედამიწის ზედა პოლუსზე დგას ვერცხლის ჩამოსხმული არწივი. მას კლანჭებში უჭირავს გველი, რომელიც კბენს საკუთარ სხეულს. მუსიკალური ყუთის წინა მხარეს მოთავსებულია მარგალიტით გაწყობილი ჩამრთველი, რომელზე ხელის დაჭერის შედეგადაც დედამიწა და არწივი იწყებს საათის ისრის მიმართულებით ნელ მოძრაობას და ამავე დროს ყუთში ჩამონტაჟებული მუსიკალური მექანიზმი ასრულებს საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II მიერ დაწერილი საგალობლის "წმიდაო ღმერთოს" მელოდიას. საგალობლის სამჯერ შესრულებას დედამიწა ანდომებს ერთ სრულ შემობრუნებას საკუთარი ღერძის გარშემო, რის შემდეგაც ყუთში ჩამონტაჟებული ფიქსატორის მეშვეობით მოძრაობა და მუსიკა ჩერდება. ხელმეორედ მის ასამოძრავებლად საჭიროა მარგალიტის ჩამრთველის ხელახლა ჩართვა. ნივთს აქვს შემდეგნაირი შინაარსობრივი დატვირთვა: ქვა, რომელზეც დგას მოჭედილი ყუთი, სიმბოლურად კლდეა, რაზედაც მოთავსებულია ეკლესიის ფორმის ყუთი. არწივი ეპისკოპოსის სიმბოლოა. იგი კლავს ბოროტების სიმბოლოს - გველს, რომელსაც საკუთარი ნაკბენი და გესლი უკანვე უბრუნდება. არწივის მიერ გველის დამარცხება სიმბოლურად ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას გამოხატავს.