მიტროპოლიტ იობის მიტრა

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, მარგალიტი, ძვირფასი ქვა.

მიტრა შესრულებულია ჭედურობით. იგი შინაარსობრივად წარმოადგენს ტაძრის გუმბათის ფორმის ნივთს იმის აღსანიშნავად, რომ, როგორც გუმბათი არის თავი ეკლესიისა, ასევე ეპისკოპოსი არის თავი და ხელმძღვანელი ეკლესიისა. მიტრის ყელზე არის ჭედურობით შესრულებული წარწერა ეპისკოპოსობის აღსანიშნავად. მიტრის ოთხივე მხარეს მოთავსებულია ოთხი მინანქრის თაღოვანი მედალიონი: მაცხოვრის, ღმრთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და ხატი "საყდარი განმზადებული". მინანქრის ხატებს შორის სივრცეში მოთავსებულია თორმეტი მოციქულის ჭედური გამოსახულება. მიტრის ზედა მხარეზე ჭედური ჯვართამაღლების სცენაა, სადაც ანგელოზებს უპყრიათ მინანქრის ჯვარი. მიტრას აგვირგვინებს ოქროს ვიტრაჟული ჯვარი, რომელიც საეკლესიო მსახურებისას განსაკუთრებულ ბრწყინვალებას გამოსცემს. მიტრის გვერდები და თავი შემკულია მრავალი ძვირფასი ქვით.