შიომღვიმის მონასტრის ბარძიმ-ფეშხუმი

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, სერდოლიკი, დიაბაზი.

ბარძიმის ოთხივე მხარეს გამოსახულია მრგვალი მინანქრის მედალიონები - მაცხოვრის, ღმრთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და შიო მღვიმელის. წმინდანების მედალიონებს შორის მოთავსებულია ოქროს ფონზე შესრულებული ოთხი ნაწილისაგან შემდგარი წარწერა: "სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მოსატევებლად ცოდვათა". წარწერა ჩამაგრებულია ცვარას ტექნიკით შესრულებულ ჩარჩოებში. ბარძიმის თასი შემკულია ვაზისა და ხორბლის ორნამენტებითა და ძვირფასი ქვებით. ბარძიმის ფეხი დიაბაზის წითელი ფერის ქვისგანაა გაკეთებული ნიშნად ბარძიმში არსებული წითელი ღვინისა და ქრისტეს სისხლისა. ბარძიმის ძირი შემკულია ვაზისა და ხორბლის ორნამენტით, ძვირფასი თვლებით. ფეშხუმი წარმოადგენს ფეხზე შემდგარ თეფშს, რომლის გარეთა მხარეზე ხორბლის უწყვეტი ორნამენტია. ფეშხუმის შუა ნაწილში საიდუმლო სერობის დიდი მინანქრული სცენაა. მინანქრის ხატის გარშემო მთელ წრეზე იკითხება მაცხოვრის სიტყვები: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა". ფეშხუმის ფეხი შესრულებულია ხორცისფერი მარმარილოს ქვისაგან ნიშნად პურისა და მაცხოვრის ხორცისა. საზიარებელი კოვზის ორნამენტი სრულიად ახალი სიტყვაა ქრისტიანულ ხელოვნებაში. კოვზს მთელ სიგრძეზე მოჰყვება ერთმანეთში გადახლართული ვაზისა და ხორბლის თავთავის ორნამენტი, რომელიც გვირგვინდება მრგვალი ჯვრით. გამორჩეულია ტაკუკის მხატვრული გადაწყვეტაც. ტაკუკის ძირში გამოსახულია მაცხოვრის ნათლისღების სცენა და მას შემდეგ, რაც ტაკუკში წყალი ისხმება, ეს დეტალი საოცარ სიცოცხლეს იძენს. ფეშხუმის ვარსკვლავი ორნამენტებით მორთული და დასაკეცია, ხოლო მის ზედა ნაწილზე გამოსახული მინანქრის ვარსკვლავი მაცხოვრის შობის დროს გამოჩენილი ვარსკვლავის სიმბოლოა.