ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ხატი

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, კაკლის ხე. ზომა: 120X85 დამზადების თარიღი: 2005

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ხატი გადაწყვეტილია ხახულის ცნობილი ხატის დეტალების გათვალისწინებით. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის დედმამის - იოაკიმესა და ანას სახე და ხელები ტიხრული მინანქრითა და ღვინისფერი ემალითაა შესრულებული, ხოლო მათი ტანსაცმელი მოოქრულია, რაც ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობასა და სიდიადეს. თვითონ ჩვილი ღმრთისმშობელი მთლიანად ტიხრული მინანქრის ტექნიკითაა შესრულებული, რაც გამოყოფს მის განსაკუთრებულობას ხატის შინაარსში. ორი მოახლე ჭედურობითაა შესრულებული და ვერცხლისფრადაა დატოვებული როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი პიროვნებები. ემბაზი, რომელშიც განბანეს ახალშობილი ღმრთისმშობელი, განსაკუთრებულად სადღესასწაულოა, თითქოს ყველაფერი, რასაც კი შეეხო ყოვლადწმინდა, იკურთხა და გაბრწყინდა. ამ დეტალს აძლიერებს ერთერთი მოახლის ხელები, რომელიც მინანქრითაა შესრულებული ნიშნად იმისა, რომ ყოველივე იკურთხება, რაც კი ეხება ღმრთისმშობელს. ცალკე აღსანიშნავია ხატის ჩარჩო, რომელიც მთლიანად დაფარულია მომინანქრებული ფირფიტებითა და ჭედური მოოქრული ვერცხლით, რაც საზეიმო განწყობას მატებს ხატის შინაარსს.