პანაგია აღდგომის გამოსახულებით

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მარგალიტი, ძოწი, ალექსანდრიტი.

პანაგია X საუკუნის მარტვილის პანაგიის ასლია. ხატზე გამოსახულია ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის სცენის შემოკლებული ვარიანტი. ჯოჯოხეთის დალეწილ ბჭეზე შემდგარი ქრისტე ხელს უწვდის სარკოფაგიდან წამომდგარ ადამს, რომლის უკან გამოსახულია ევა. ფონი - ოქროსი. კოლორიტი - ლურჯი, ცისფერი, თეთრი და მეწამულყავისფერი ტონები. ბერძნული წარწერა "აღდგომა" - მოყავისფროწითელი. უკანა მხარეს შესრულებულია მინანქრის ორნამენტული ჯვარი წარწერით "ძლევაი". პანაგია ქვემოთ ვერცხლის ბურთზე დამაგრებული მარგალიტის ქვით ბოლოვდება, ბურთი წარმოადგენს პანაგიის სანაწილის საკეტს. პანაგია იხსნება და ჩანს ძვირფასი თვლებით შემკული წმინდა ნაწილების შესანახი ყუთი. ჩარჩოზე მოთავსებულია ფილიგრანისა და ცვარას მეთოდით შესრულებული ორნამენტი ზემოთა მხრიდან მოძრავი ყუნწით, რომლის ღერძი დამაგრებულია დიდი მარგალიტებით. 1997 წელს პანაგიამ მეტროპოლიტენ მუზეუმის ბიზანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელების მაღალი შეფასება დაიმსახურა.