ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ლეილა ხუსკივაძე

საქართველო მდიდარი კულტურული ტრადიციების ქვეყანაა. სწორედ ამ ტრადიციებზე დაყრდნობით გახდა შესაძლებელი თანამედროვე ეტაპზე ქართული ხელოვნების ზოგი დარგის აღდგენაგანვითარება. ხელოვნების ერთი ასეთი დარგია ტიხრული მინანქარი. მინანქარი საქართველოში უძველესი დროიდან არის ცნობილი. რაც შეეხება ტიხრულ მინანქარს, იგი მთლიანად შუა საუკუნეების მონაპოვარია. ტიხრული მინანქრის მხატვრული ეფექტი მეტად დიდია, რაც განპირობებულია მისი რთული ტექნიკის სინატიფით, კაშკაშა, ბრწყინვალე ფერებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არ კარგავენ თავის პირვანდელ ხიბლს. ეს `უჭკნობი” ხელოვნება მთელი სისავსით ასახავს იმ საზოგადოების, იმ ცივილიზაციის მაღალ მოთხოვნებსა და დახვეწილ მხატვრულ გემოვნებას, სადაც მან ფართო გავრცელება ჰპოვა. გარდა ამისა, იგი თვით ძვირფასი მასალით უშუალოდ არის დამოკიდებული ქვეყნის საერთო კეთილდღეობაზე. ქართული ტიხრული მინანქრის აყვავებაგანვითარებაც იმ პერიოდს უკავშირდება, კერძოდ, XXII საუკუნეებს, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურეკონომიკური დონე საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო მხატვრული ცხოვრება დიდი ინტენსიურობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ იმ მცირერიცხოვან კერებს შორის, სადაც განვითარდა და აყვავდა ტიხრული მინანქრის ხელოვნება, სწორედ საქართველო და, პირველ რიგში, იგი აღმოჩნდა ბიზანტიის, შუა საუკუნეების ამ ერთერთი ყველაზე დაწინაურებული ქვეყნის გვერდით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტიხრული მინანქრის წარმოების არც ერთ სხვა დიდ ცენტრს არ დაუტოვებია ისეთი მდიდარი მემკვიდრეობა, როგორიც ბიზანტიამ და საქართველომ შემოგვინახა. და მიუხედავად შემორჩენილი ძეგლების დიდი რაოდენობისა, ისინი ვერ იძლევიან სრულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა სიმდიდრით გამოირჩეოდა შუა საუკუნეების საქართველო ხელოვნების ამ დარგშიც, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართულ ტიხრულ მინანქარს აქვს განვითარების თავისი საკუთარი გზა, თავისი საკუთარი ისტორია, რომელიც საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს - VIIIIX საუკუნეებიდან მოყოლებული XIII საუკუნის ჩათვლით (ორი ნიმუში კი XV საუკუნესაც სწვდება). და მიუხედავად იმისა, რომ ქართული მინანქარი, უფრო ზუსტად, ქართული ტიხრული მინანქარი მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზანტიურ სამყაროსთან, იგი ავლენს მთელ რიგ თავისებურებებს, რომლებიც მას განსხვავებულ ფენომენად წარმოგვიდგენს. XV საუკუნეში, ისევე როგორც სხვაგან, შეწყდა საქართველოში ტიხრული მინანქრის დიდი ევოლუცია და მისი ტექნიკა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაიკარგა. ტიხრული მინანქრის ხელოვნების აღორძინება საქართველოში უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც დაიწყო. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, ქართველი ოსტატები დიდი წარმატებით ფლობენ ხელოვნების ამ დარგის ურთულეს ტექნიკას. მისასალმებელია, რომ ჩამოყალიბდა სპეციალური შემოქმედებითი სახელოსნო - "გიორგი", რომელიც აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდებს და რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი ღუდუშაური. გიორგი ღუდუშაურის ნამუშევრები სერიოზული განაცხადია ტიხრული მინანქრის ხელოვნების აღორძინებაგანვითარების საქმეში. ხელმძღვანელობს რა ძველი ტრადიციებით, იგი ცდილობს არა მხოლოდ ჩასწვდეს ამ უნატიფესი ხელოვნების სპეციფიკას, დაეუფლოს მის რთულ ტექნიკას, არამედ გამოიმუშაოს საკუთარი ხელწერა, საკუთარი ინტერპრეტაცია და მიდგომები ახალი თემების, ახალ გადაწყვეტათა ხორცშესასხმელად. გიორგი ღუდუშაურის გაერთიანება დღესდღეობით საქართველოში პირველი და ერთადერთი ცენტრია, რომელიც სამინანქრო და საიუველირო ხელოვნებას ერთდროულად ემსახურება. ამ ხელოვანის საერთო ძალისხმევა, მისი ნიჭი და უნარი, საქმისადმი განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული, მონდომება, შრომა და გულმოდგინება იმის საწინდარი უნდა იყოს, რომ ახლო მომავალში ქართული ხელოვნების ეს ახლად აღორძინებული დარგი ახალახალი წარმატებებით დაგვირგვინდება.